კახა კალაძე - ჩემი დავალებით, შემოწმდება ყველა ობიექტი, რომლებსაც ექსპერტიზა ბოლო წლების განმავლობაში „მშენექსპერტმა“ ჩაუტარა
კახა კალაძე - ჩემი დავალებით, შემოწმდება ყველა ობიექტი, რომლებსაც ექსპერტიზა ბოლო წლების განმავლობაში „მშენექსპერტმა“ ჩაუტარა

დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კახა კალაძემ საკრებულოს წევრების იმ კითხვებს უპასუხა, რომლებიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის უსაფრთხოებას და მუნიციპალური პროექტების განხორციელების პროცესში უსაფრთხოების კომპონენტს ეხებოდა.

თბილისის მერის განცხადებით, ვაკის პარკის უმძიმესი ტრაგედიის გარშემო კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მისივე თქმით, „მშენქსპერტის“ მიერ მომზადებულ ყველა დასკვნას, მისივე დავალებით, მერია თავიდან შეამოწმებს.

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, ხარისხს მშენებლობებზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2017 წლიდან მოყოლებული რამდენი პროექტი განხორციელდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ქუჩებზე, უბნებში, ერთი პრობლემაც კი არ შექმნილა, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არათუ სამუშაოების დასრულების შემდეგ, არამედ სამუშაო პროცესშიც იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ახორციელებდა სამუშაოებს. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც თავს დაგვატყდა, რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა, რატომ არ იმუშავა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დავალებით, მოხდება ყველა ობიექტის შემოწმება, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში ექსპერტიზა „მშენექსპერტმა“ ჩაუტარა. ასევე, იმ პროექტებს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომლებიც ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა პროექტის სახით დევს მერიაში და დასკვნა „მშენექსპერტის“ მიერ არის მომზადებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, „მშენექსპერტის“ მიერ ჩატარებული ექპერტიზის გადამოწმების დეტალებზე ვრცლად ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძის თქმით, პროექტებში ალტერნატიული ექპერტიზის მიერ შემოთავაზებული ყველა ცვლილება იქნება გათვალისწინებული. როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ქალაქში არსებული შადრევნების ექსპლოატაციაში გაშვება კი მხოლოდ მათი ელექტრული ქსელის უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„უკვე „მშენექსპერტის“ მიერ შესრულებული დაახლოებით 20 პროექტი განმეორებით ექპსერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე კვარტალში დასრულდება და მოხდება პროექტებში ყველა იმ ცვლილების გათვალისწინება, რომელსაც ალტერნატიული ექპერტიზა შემოგვთავაზებს.

ამას გარდა, პარალელურად მიმდინარეობს თბილისში არსებული შადრევნების ელექტრული ქსელის უსაფრთხოების შესწავლა, შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ, სეზონის მოახლოებისთანავე მოხდება შადრევნების ექსპლოატაციაში გაშვება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.