ირაკლი ხმალაძე - ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა ამოქმედდა, დღეიდან შეწყვეტილია „ა“ კატეგორიის ნებართვების გაცემა
ირაკლი ხმალაძე - ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა ამოქმედდა, დღეიდან შეწყვეტილია „ა“ კატეგორიის ნებართვების გაცემა

ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა უკვე ამოქმედდა. დღეიდან შეწყვეტილია „ა“ კატეგორიის ნებართვების გაცემა. პირველ აპრილს მოხდება ახალი ნებართვების დარიგება იმ პირებზე, ვინც აქამდე ფლობდნენ „ა“ კატეგორიის ნებართვებს. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ველოდებოდით კიდევაც, განსაკუთრებით, უკანასკნელ დღეებში, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, პირველ აპრილს სისტემა დააგენერირებს დაახლოებით 35 ათას „ა“ კატეგორიის ნებართვას, რომლებიც დაურიგდება 35 ათას ფიზიკურ პირს.

„უკანასკნელ დღეებში დაახლოებით სამი-ოთხი ათასით მოიმატა მსურველთა რაოდენობამ. მუნიციპალიტეტი ყველას მოემსახურა. განსაკუთრებით დიდი ზემოქმედება იყო შაბათ დღეს, რეკორდული რაოდენობა გაიცა. მნიშვნელოვანია, რომ პირველად თბილისში შეიქმნა ტაქსის ნებართვის ბაზარი, რომელსაც მუნიციპალიტეტი მოემსახურება ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით. პირველი აპრილიდან უკვე ამოქმედდება taxi.tbilisi.gov.ge-ის განახლებული ვერსია, სადაც შესაძლებელი იქნება ნებართვების მართვა იმ რეჟიმით, რომელსაც რეფორმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს“, – განაცხადა ხმალაძემ.