ირაკლი ხმალაძე - დიდი იმედი მაქვს, მეტროს მემანქანეები პოზიციას ძალიან მალე შეცვლიან, სამუშაოს დაუბრუნდებიან და მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მეტროს მემანქანეები თავიანთ პოზიციას ძალიან მალე შეცვლიან, სამუშაოს დაუბრუნდებიან და მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მათ პოზიცია არ შეცვალეს, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ამის განხილვაც არ უნდა, რადგან არ შეუძლია, დაუშვას სხვა შესაძლებლობა, გარდა იმისა, რასაც კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს.
„ჩვენ მზად ვართ, მათ შევხვდეთ და ვესაუბროთ. მე პირადად, სამჯერ მქონდა შეხვედრა ამ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ისინი მართლაც მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ ისევე, როგორც სხვა ადამიანები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24 000 ადამიანი მუშაობს და თითოეული მათგანის შრომა მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიქნებით მართალი, უთანასწორო და სუბიექტური გადაწყვეტილებები მივიღოთ იმიტომ, რომ ვიღაც სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა და გაფიცვითა და შანტაჟით გველეპარაკება“, – განაცხადა ხმალაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში მეტროს მემანქანეებთან მერიის წარმომადგენლების აუდიენციას, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ მათთან შეხვედრას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.
„ერთადერთი ვარიანტი, რაზეც დღეს თბილისის მერია ფიქრობს და სრულიად ლეგიტიმურად უშვებს ისაა, რომ ჩვენი თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას მრავალი წელია ემსახურებიან, თავიანთ სამუშაო ადგილებს რაც შეიძლება, მალე დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ხმალაძემ.
შეკითხვაზე, დაახლოებით, როდისთვის იქნება შესაძლებელი მეტროპოლიტენის მუშაობის აღდგენა, თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ამაზე განცხადების გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან ამას უკვე მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ალბათ, ამას ერთი, ან ორი დღე დასჭირდება.
„დიდი იმედი მაქვს, ეს ამდენ ხანსაც არ გასტანს და ამ ადამიანებთან უკეთეს კომუნიკაციას მანამდეც შევძლებთ, რათა ისინი თავიანთ სამუშაო ადგილებზე დავაბრუნოთ“, – განაცხადა ხმალაძემ.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ ვიღაცებს უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ დღის წესრიგში იდგა მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის საკითხი, მაგრამ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება.
„მოხდა ამ სიცრუის ტირაჟირება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, მოსახლეობამ ეს არ დაიჯერა, რადგან ამას რეალობასთან და სიმართლესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.