ირაკლი ბურდილაძე - „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებული 4 000-მდე ოჯახი ბინებს სამი წლის განმავლობაში მიიღებს
ირაკლი ბურდილაძე - „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებული 4 000-მდე ოჯახი ბინებს სამი წლის განმავლობაში მიიღებს

კომპანია m2-ის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, „ცენტრ-პოინტის“ მიერ წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 კომპანიის მშენებლობებს დაასრულებს და ბინას ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს.

მისი თქმით, „ცენტრ პოინტს“ წინაპირობების შესასრულებლად ექვსი თვიანი ვადა აქვს. ერთ-ერთი წინაპირობა კი, მიწის ნაკვეთების გამიჯვნაა.

„დაახლოებით 4 000 ოჯახი 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაკმაყოფილდება ბინებით, რომლებიც „ცენტრ-პოინტს“ უნდა გადაეცა მათთვის დიდი ხნის წინ. წინაპირობები ძალიან ბევრი და სპეციფიკურია. ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი წინაპირობა არის მიწის ნაკვეთების გამიჯვნა.

ნაკვეთებში, სადაც „ცენტრ-პოინტი“ აწარმოებს მშენებლობებს, ასევე მოიაზრება თავისუფალი ტერიტორიები, სადაც მშენებლობები არ დაწყებულა ან საერთოდ არ იგეგმებოდა. საუბარი არის ამ ე.წ. თავისუფალი მიწის გამოყოფაზე დარჩენილი მიწის ნაკვეთიდან, სადაც უკვე მიმდინარეობს პრობლემური მშენებლობის წარმოება და შემდგომში, ამ თავისუფალი მიწის ნაკვეთის m2-ზე გადმოცემა, რის სანაცვლოდ m2 „ცენტრ-პოინტს“ გაპრობლემებურ მშენებლობას დაუსრულებს“, – განაცხადა m2-ის გენერალური დირექტორმა.

ირაკლი ბურდილაძე განმარტავს, რომ აღნიშნული გარიგებიდან m2 რაიმე სერიოზული მოგების მიღებას არ გეგმავს და შესაძლოა, პროექტების დასრულებას დამატებითი ხარჯებიც ახლდეს. მისი თქმით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იმ მწვავე სოციალური პრობლემის მოგვარება რაც საზოგადოებას, სახელმწიფოსა და დაზარალებულ ოჯახებს შეექმნათ.

„ჩვენ იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ პროექტის დასრულებას შეიძლება დამატებითი ხარჯები ახლდეს. ეს გამოჩნდება, როცა კონკრეტულ ობიექტებზე შევალთ, დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს და დეტალურ ანალიზს ჩავატარებთ. ახლა გვაქვს დაახლოებითი ბიუჯეტი, თუ რა დაჯდება ამ ობიექტების დასრულება. სავარაუდოდ ბიუჯეტი გაიზრდება, როდესაც დეტალურ ანალიზს ჩავატარებთ“, – განაცხადა ბურდილაძემ.

კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.