ირაკლი ბერაია - ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწისგან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ
ირაკლი ბერაია - ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწისგან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და ქართული დელეგაციის წევრები მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე და იმ ამბიციურ დღის წესრიგზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს.

ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, მის ჩანაწერებს, ასევე მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერის ზომებს, რომელიც სამიტზე იქნა მიღებული. მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ალიანსის ადაპტაციასთან და აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

„ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის, ახალ სტრატეგიულ ერაში გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების მიზნით, აუცილებელია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, საქართველოს ალიანსში გაწევრების დაჩქარება იმდენად, რამდენადაც ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების გარეშე.

საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატო-ს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო, ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ აქვს არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და დღეს ერთის მხრივ მომეტებული საფრთხეების ფონზე, ასევე იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ცდილობენ ენერგო რესურსების და გზების მიწოდების დივერსიფიკაციას, ცდილობენ ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის განმტკიცებას, ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს და მნიშვნელობას, კიდევ უფრო ზრდის ნატო-ს წევრი საქართველოს საჭიროებას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად შედიან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.