იპოვეს თუ არა ასტრონომებმა „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ მქონე კიდევ ერთი ვარსკვლავი
იპოვეს თუ არა ასტრონომებმა „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ მქონე კიდევ ერთი ვარსკვლავი

დედამიწასა და გალაქტიკის ბირთვს შორის არის ერთი ბებერი, მკრთალი ვარსკვლავი, რომლის გარშემოც როგორც ჩანს, რაღაც მოძრაობს, რაღაც, რაც ასტრონომებს დიდ საგონებელში აგდებს.

ამ ვარსკვლავის გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა ვარსკვლავური ობიექტი, რომლებიც ბოლო წლებში მკვლევრებს განსაკუთრებით უბნევს თავგზას. მიზეზებს შორის ახსენებენ როგორც მტვერს, ისე არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიებს. რაც არ უნდა იყოს ახსნა, ფაქტია, რომ იქ ერთზე მეტი ობიექტია.

ვარსკვლავ VVV-WIT-07-ის უცნაური ჩაბნელებები ასტრონომებმა პირველად 2012 წელს შენიშნეს, როცა ჩილეში განთავსებულ ტელესკოპ VISTA-თი ირმის ნახტომის შიდა ნაწილს იკვლევდნენ.

ცის რუტინული სკანირებისას ხშირად პოულობენ ობიექტებს, რომლებიც სრულიად არაპროგნოზირებადად იქცევიან. ეს ფაქტი ხშირად ახალი აღმოჩენების მიზეზი ხდება.

როგორც წესი, ჩაბნელებები ახასიათებს ან ცვალებად ვარსკვლავებს, ან ისეთ ვარსკვლავებს, რომელთა გარშემოც პლანეტები მოძრაობენ. გარდა ამისა, სიკაშკაშის შემცირებას იწვევს ჩვენსა და ვარსკვლავს შორის არსებული მტვრის ღრუბლებიც.

2012 წელს ასტრონომებმა შენიშნეს, რომ VVV-WIT-07-ის ნათება ნელ-ნელა შემცირდა 11 დღის განმავლობაში, შემდეგ კი სწრაფად გაუჩინარდა და მომდევნო 48 დღის მანძილზე აღარ გამოჩენილა.

ჩაბნელების დროს დაიბლოკა ვარსკვლავის სინათლის 80 პროცენტი, რამაც ასტრონომები მართლაც საგონებელში ჩააგდო. მსგავს ჩაბნელებას ვერ ხსნიდა ვერც ერთი ჩვეულებრივი თეორია.

მკვლევართა ეს ემოცია ყველაზე კარგად გაიგო ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომმა ტაბეთა ბოიაჯიანმა, რომელიც 2015 წლიდან ზუსტად მსგავს ობიექტს იკვლევს, ვარსკვლავს, რომელსაც მის პატივსაცემად ტაბის ვარსკვლავი უწოდეს.

VVV-WIT-07-სგან განსხვავებით, ტაბის ვარსკვლავის სიკაშკაშე პერიოდულად მხოლოდ 20 პროცენტით მცირდება.

ტაბის ვარსკვლავი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ბოიაჯიანმა გამორიცხა, რომ ვარსკვლავის უცნაურობის მიღმა უცხოპლანეტელები დგანან.

მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ იბლოკება ამ ვარსკვლავის სინათლის სხვადასხვა ფერები, სხვადახვა ინტენსივობით და შესაბამისად, რაც არ უნდა მოძრაობდეს ჩვენსა და მას შორის, ის გაუმჭვირვალე არაა, როგორც ეს უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის შემთხვევაში უნდა იყოს.

ტაბის ვარსკვლავი ბოლო წლებში აღმოჩენილი ერთადერთი ანომალია როდია. 2012 წელს, როჩსტერის უნივერსიტეტის ასტრონომმა ერიკ მამაჯეკმა ერთ-ერთი ვარსკვლავის გარშემო ასევე შენიშნა სინათლის უცნაური ცვალებადობა.

მისი უცნაურობის სავარაუდო ახსნად მიიჩნეს რგოლებიანი პლანეტა. თუმცა, მას იმდენად დიდი რგოლები უნდა ჰქონდეს, რომ სატურნი მასთან უბრალოდ ჯუჯაა — წარმოიდგინეთ პლანეტა, რომელსაც სატურნზე 200-ჯერ ფართო რგოლები აქვს.

საინტერესოა, ახსნის თუ არა რგოლები VVV-WIT-07-ის ჩაბნელებასაც? მამაჯეკის განცხადებით, ასეთი დიდი ჩაბნელებისთვის საჭიროა, რომ იქ არსებულ პლანეტას მილიონი კილომეტრის სიგანის ძალიან მკვრივი რგოლები ჰქონდეს, რაც ნაკლებად წარმოსადგენია.

ასევე ადეკვატური შეიძლება იყოს მტვრის ღრუბელთა გროვები. გონიერი არამიწიერი სიცოცხლისგან განსხვავებით, ასეთი ღრუბლების არსებობა ჩვენთვის ცნობილი ფაქტია. ვარსკვლავის სინათლეს გარკვეულწილად ისედაც ბლოკავს ვარსკვლავთშორისი მტვრის ღრუბლები და შესაბამისად, ზუსტი მახასიათებლების განსაზღვრა საკმაოდ რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოსარიცხი არ არის არც ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მატერიის სიმკვრივის ცვალებადობა, მისი კონფიგურაცია საკმაოდ უჩვეულო უნდა იყოს, რაც ერთ საიდუმლოს უბრალოდ მეორეთი ანაცვლებს.

მომდევნო განმეორებად ჩაბნელებას მკვლევართა ჯგუფი მომავალ წელს ელოდება, რასაც ისინი გაცილებით მომზადებული ხვდებიან. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ ამჯერად უფრო მეტ მონაცემებს შეაგროვებენ.

მანამდე კი, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მართლაც რაღაც უცნაურს იპოვნიან, მაგალითად, დაისონის სფეროს, ანუ არამიწიერი ცივილიზაციის მეგასტრუქტურას.

ე. წ. დაისონის სფერო. მხატვრული წარმოსახვა

დაისონის სფერო თეორიული სტრუქტურაა, რომელშიც შესაძლებელია ვარსკვლავის მოთავსება. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ივარაუდა, რომ განვითარებადი ცივილიზაცია აუცილებლად მივა იქამდე, რომ დასჭირდება თავისი ვარსკვლავის მთელი ენერგია, რისთვისაც მშობლიურ მნათობს გიგანტური კოლექტორების წყების შიგნით მოაქცევს.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Scientific American-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.