იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და როგორც ჩანს, 2017 წელს ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაიზრდება
იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და როგორც ჩანს, 2017 წელს ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაიზრდება

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებს ხედავს.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განახლებული დღის წესრიგი 2020 წლამდე ერთობლივი სამუშაოსთვის პრიორიტეტების პრაქტიკულ ჩარჩოს გვაძლევს. ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან მიახლოება საქართველოს უფრო მეტ საშუალებას მისცემს, გახდეს საერთაშორისო ბაზრის მოთამაშე.

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და როგორც ჩანს, 2017 წელს ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაიზრდება. 2017 წლის ივლისში საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების შეთანხმებასთან შეერთება იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც ევროკავშირი და საქართველო დაახლოვა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.