ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებსა და ვებგვერდების მფლობელ კომპანიებს ვალდებულებები დააკისრა
ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებსა და ვებგვერდების მფლობელ კომპანიებს ვალდებულებები დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება დაამტკიცა და საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები, როგორც ინტერნეტპროვაიდერი კომპანიების, ისე ვებგვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველი ივნისიდან შევა.

„კომუნიკაციების კომისია პირველი ივნისიდან მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შვილები ონლაინ საფრთხეებისგან დაიცვან. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის საფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი სწორედ მშობელს აკისრია. იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტიანი მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ, ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა, კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის. მეორე მხრივ, კომისიამ ვებგვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება საკუთარ ვებგვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებგვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტპროვაიდერი კომპანიების მიერ კვირაში ერთხელ განახლდება.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის დამატებით, საკუთარი ინიციატივით, შემთხვევით შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს, რათა დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს, რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები საკუთარი ვალდებულებებს.

„კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მედიაწიგნიერების განვითარების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. სწორედ ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებისა და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, როგორიც კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობაა, კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესი პროექტები განახორციელა. მედიაწიგნიერების პროექტები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება“, – აცხადებს უწყება.

ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144​11 მუხლის შესაბამისად ეკისრება.

კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, დებულება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დაამტკიცა.