ესპანეთში სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის მუშაობა შეფერხებული იყო
ესპანეთში სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის მუშაობა შეფერხებული იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
შეფერხების მიზეზი გახდა გარკვეული „ინციდენტი ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანიის, „ტელეფონიკის“ ქსელში ჩატარებული სამუშაოების დროს“.
„ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული სამუშაოები ქსელის მოდერნიზაციისთვის, რამაც გავლენა იქონია ზოგიერთ კომპანიაში გარკვეულ მომსახურებებზე. ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე“, – განაცხადეს „ტელეფონიკაში“.
ესპანური მედია წერს, რომ შეფერხებამ გავლენა იქონია ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საგანგებო დახმარების სამსახურების მუშაობაზე. კერძოდ, არ მუშაობდა ერთიანი ნომერი 112.
ბრიტანული LBC-ს ცნობით, შეფერხებული იყო ასევე ესპანეთის ყველა წამყვანი მობილური ოპერატორის მუშაობა. მომხმარებლები აცხადებდნენ, რომ ვერ ახორციელებდნენ ზარებს, ვერ იღებდნენ სმს შეტყობინებებს და ვერ სარგებლობდნენ მობილური ინტერნეტით.
ცნობისთვის, 28 აპრილს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც შეფერხდა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობა, გაუქმდა ასობით ავიარეისი, მაღაზიებმა და საავადმყოფოებმა მუშაობა შეაჩერეს. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.