თამარ იოსელიანი – მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში

17:03, 11.02.2026

საჯარო, კერძო და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლებმა ინტერნეტმმართველობის ფორუმზე (GeoIGF)  საერთაშორისო ციფრული დაკავშირებადობა და ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ფორუმის განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე ხელოვნური ინტელექტი და საქართველოს ინოვაციური მოდერნიზაცია, ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელის განვითარება და ინტერნეტხელმისაწვდომობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა ციფრული ეკონომიკის და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ბოლო წლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ციფრული სფეროს განვითარების კუთხით, რათა საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვეს ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. სტრატეგია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, თავსებადია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებთან“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის შეფასებით, GeoIGF-ი ის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ ხედვებსა და გამოცდილებებს და ქმნის სივრცეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორებიცაა ციფრული ინფრასტრუქტურა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ინკლუზია, კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და, შესაბამისად, თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ფორუმი, 20 წელია, გაერო-ს ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება. საქართველოში ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი