კომუნიკაციების კომისია - 2024 წელს 5G ინტერნეტს ორი კომპანია „მაგთიკომი“ და „სელფი მობაილი“ ავრცელებდნენ
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომისიამ ქვეყანაში მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის – 5G-ს დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი მეორედ ჩაატარა.
გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიცკაციების კომისიისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და კომპანიებს მეორედ მისცა შანსი, მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება მიეწოდებინათ.
გასულ წელს ჩატარებულ აუქციონში კომპანია „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა და 5G დანერგა. 2023 წელს ჩატარებულ აუქციონში კი სიხშირეები „სელფი მობაილმა“ მოიპოვა და 5G-ის დანერგვას ეტაპობრივად ახორციელებს.
ანგარიშის მიხედვით, მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად 2024 წელს აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები. ასევე, გამოცხადდა ოთხი აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად. 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „მაგთიკომმა“ მიიღო და შვიდ აუქციონში გაიმარჯვა, ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულებამ კი, ჯამში, 149,025,808,00 ლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, 5G ტექნოლოგიის დასანერგად კომისიამ სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და საჭირო პირობები ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა. ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია EY-ს ექსპერტების ჩართულობით დაადგინა.
5G არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის სიჩქარე, შეამცირა დაყოვნება და, სატელეკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.