კომუნიკაციების კომისია – 2024 წელს ფიქსირებული ინტერნეტი კიდევ 30 სოფელში შევიდა და ჯამში 2571 სოფელშია ხელმისაწვდომი
კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 99.4%-ს შეადგენდა.
რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი კვლავ აჭარაში იყო და 146%-ს უტოლდებოდა.
აჭარის შემდეგ 140%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი, 101%-ით – სამცხე-ჯავახეთი, 88%-ით – ქვემო ქართლი და 86%-ით – მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებას შინამეურნეობების 75% მოიხმარდა. 68%-ით იყო წარმოდგენილი იმერეთი, 67%-ით – კახეთი, ხოლო 63%-ით – სამეგრელო-ზემო სვანეთი. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 62%-ს უტოლდებოდა, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი 24%-ს შეადგენდა.
2024 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3385 სოფელია, საიდანაც 2571-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30 სოფლით მეტია.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.