ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებისთვის პრიზები წესდება
საქართველოში აშშ-ს საელჩო ასოციაციასთან ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ ერთად (RDFG) პრიზებს აწესებს.
კერძოდ, როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მესამე რაუნდის ოთხი გამარჯვებული სტარტაპი – BioCure, Qvevry, RNSEED, Logmind 2019 წლის ოქტომბერში ერთი კვირით ნიუ-იორკში Simplilearn (the world’s leading certification training provider) სასერთიფიკატო სასწავლო ცენტრში გაემგზავრება.
ამასთან, EFSE სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (European Fund of Southeast Europe) და ,,Finance in Motion“-ის გუნდი 2019 წლის სექტემბერში 20 გამარჯვებული სტარტაპისთვის აფინანსებს ორდღიან სასწავლო ბანაკს ყვარელში. მენტორები იქნებიან კომპანია ,,500 Startup”-ის დირექტორი პედრო სანტოს ვიეირა და GITA-ს აქსელერაციის პროგრამის კოორდინატორი და ანტრეპრენერი დავით ჩეჩელაშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა (USAID Economic Security Program) თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს – Qvevry, Phubber და VTOL Aerial Vehicle – დაუფინანსებს ოთხკვირიან სასწავლო პროგრამას სილიკონ ველიზე 2020 წელს.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის სავაჭრო პალატისა და ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებითა და დაფინანსებით პროგრამის ორი ფინალისტი სტარტაპი ტურიზმის სფეროდან – Travel Guide და Areal 2019 წლის 1-4 ოქტომბერს სასწავლო ვიზიტით ვენაში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ავსტრიის წამყვან აქსელერატორში (FAB Accelerator by METRO Cash & Carry and HERD), ავსტრიის ეროვნული ტურიზმის ოფისთან და ავსტრიის სტარტაპ ორგანიზაციასთან (Austrianstartups.com).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი დღეს გამოვლინდა. თითოეულმა გამარჯვებულმა საკუთარი სტარტაპის გასავითარებლად ჯილდოდ 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს. ღონისძიებას საჯარო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.
როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.