ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა დაიწყო
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეოთხედ გამოაცხადა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიების გახსნაზე ოფიციალურად განაცხადა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

სააგენტოს ცნობით, თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი წლიური ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.