პირველი სექტემბრიდან მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის თანადაფინანსების ახალი პროგრამა იწყება
პირველი სექტემბრიდან მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის თანადაფინანსების ახალი პროგრამა იწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის პირველი  სექტემბრიდან ახალ პროგრამას – „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ განახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს 2019 წლის პირველი აგვისტოდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80 პროცენტის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70 პროცენტის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა კი, შეეძლებათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნით სესხი აქვთ აღებული 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს ოთხიდან 20-მდე ნომერს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 აშშ დოლარს აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 ევროს ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

აღნიშნული პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება.