ინდონეზიის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ძრავას მიაგნეს
ინდონეზიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მიაგნეს ძრავას, რომელიც სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი თვითმფრინავისაა. ამის შესახებ The Jakarta Post იუწყება. გამოცემის ცნობით, ბოინგ 737-ის ძრავის შესაძლო კოორდინატები უკვე დააფიქსირეს. ამასთან ერთად, მყვინთავებმა ოპერაციის ფარგლებში, წყლიდან საფრენი აპარატის ნაწილები ამოიტანეს.
ბიუჯეტური ავიახაზების Lion Air-ის რეისმა JT610-მა ხმელეთთან კავშირი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრენიდან 13 წუთში დაკარგა. თვითმფრინავი კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროსთან ჩამოვარდა. ბოინგის ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა. ამათგან 181 მგზავრი იყო, ხოლო დანარჩენი რვა ეკიპაჟის წევრი.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 2018 წელს წარმოებული ბოინგის ექსპლუატაცია აგვისტოს შემდეგ ხორციელდებოდა. ცოტა ხნის წინ სამძებრო ოპერაციის მონაწილეებმა თვითმფრინავის „შავ ყუთს“ მიაგნეს. სპეციალისტების ცნობით „შავ ყუთზე“ ჩაწერილი ინფორმაციის სრულად შესწავლას რამდენიმე თვე დასჭირდება.