ინდონეზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ივნისში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებით Facebook-ით მცდარი ინფორმაცია გავრცელდება, შესაძლოა, ქვეყანაში სოციალური ქსელი Facebook-ი დაიბლოკოს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრმა გააკეთა.
„თუ საჭირო გახდა, ყოყმანის გარეშე გავცემთ განკარგულებას ამ პლატფორმის დახურვის შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.
გასულ წელს ინდონეზიის კომუნიკაციების სამინისტრომ სოციალური ქსელი Telegram-ი დაბლოკა.
ინდონეზიაში 260 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, სოციალურ ქსელ Facebook-ით 90 მილიონი სარგებლობს.
ივნისში ინდონეზიაში საყოველთაო არჩევნებია დანიშნული. მოსახლეობა გუბერნატორებს, მერებს ასევე პარლამენტის წევრებს აირჩევს. მომავალ წელს კი, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა.