ინდონეზიაში 20 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ჯერ 6,3, შემდეგ კი 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების გამო, კუნძულოვანი სახელმწფოს სამხრეთ ნაწილში რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დაზიანდა 150-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა.
მიწისძვრამ რამდენიმე რაიონში მეწყერიც გამოიწვია. ორ ძლიერ მიწისძვრას კი მთელი ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი განმეორებით ბიძგი მოჰყვა.
სტიქიამ განსაკუთრებული ქაოსი კუნძულ ლამბოკზე გამოიწვია. სადაც ორი კვირის წინ მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ 450 ადამიანი შეიწირა. ტურისტების საყვარელ კუნძულზე მოსახლეობამ მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობების ნაწილი 5 აგვისტოს, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს დაზიანდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას შენობების დატოვებისკენ მოუწოდა.