ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა ადასტურებს. 745 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დანგრეულია სახლები, დაზიანებულია გზები, დატბორილია სახნავ სათესი მიწები.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ცუნამი ვულკან კრაკატუას ამოფრქვევის შედეგად წყალქვეშ ჩამოწოლილ მეწყერს მოჰყვა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სტიქიამ რამდენიმე ისეთ სანაპიროს გადაუარა, სადაც ტრადიციულად ბევრი ტურისტი ისვენებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაუარა ტალღამ დახურულ სცენას. ამ დროს სცენაზე ცნობილი ინდონეზიური როკ ჯგუფი უკრავდა. მუსიკოსები სავარაუდოდ წყალმა გაიტაცა. ჯგუფის ერთი წევრი და მენეჯერი დაიღუპა. კიდევ სამი დაკარგულად ითვლება.

ამჟამად დაზარალებულ რეგიონებში მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები გადარჩენილებს ეძებენ.
ძლიერი სტიქია ინდონეზიას გუშინ ღამით დაატყდა თავს.