ინჟინრებმა წარმატებით დატესტეს ოპტიკური ჩიპი, რომლის ჩამოტვირთვის სიჩქარე წამში 44,2 ტერაბაიტია
ინჟინრებმა წარმატებით დატესტეს ოპტიკური ჩიპი, რომლის ჩამოტვირთვის სიჩქარე წამში 44,2 ტერაბაიტია

ახალმა ციცქნა მოწყობილობამ სახელად მიკრო-კომბი, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, ინტერნეტის ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლოს — მოგვცეს მონაცემების წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით ჩამოტვირთვის საშუალება, უზრუნველგვოს უზარმაზარი ოდენობის მონაცემებთან ერთდროულად მუშაობით, ყველაზე გადატვირთულ პერიოდებშიც კი.

ახალი მოწყობილობის ბოლოდროინდელმა ტესტირებამ აჩვენა, რომ მონაცემთა მაჩვენებელი წამში 44,2 ტერაბაიტია, რაც სინათლის მხოლოდ ერთი წყაროთი გადაიცემა.

მიკრო-კომბი ჩიპები ახალი არ არის, გამოიგონეს დაახლოებით ათი წლის წინ. თუმცა, მონაცემთა გადაცემაზე ამჟამად მზარდი დაწოლის გათვალისწინებით, ეს ტექნოლოგია იმედისმომცემი გზაა ინტერნეტ-ტექნოლოგიების სიჩქარის გასაზრდელად.

„ნამდვილად ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ხორცი შეესხა მათ შესაძლებლობებს ულტრამაღალი გამტარიანობის ოპტიკურ ტელეკომუნიკაციებში. წარმოადგენს გამტარობის მსოფლიო რეკორდს ერთი ოპტიკური ბოჭკოთი ერთი ჩიპი-წყაროდან; უზარმაზარი გარღვევაა ქსელის ნაწილზე, რომელზეც ყველაზე დიდი დაწოლა მოდის“, — ამბობს ავსტრალიის სუინბერნის უნივერსიტეტის ოპტიკურ მეცნიერებათა ცენტრის მკვლევარი დევიდ მოსი.

მონაშის უნივერსიტეტის, სუინბერნის უნივერსიტეტისა და მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის (RMIT) ინჟინრების განცხადებით, ჩიპის მნიშვნელოვანი სარგებელი არის მისი შესაძლებლობა, რომ არსებული ინფრასტრუქტურის უმეტესობა მოიყვანოს უახლოეს წლებში მოსალოდნელ მოთხოვნასთან თანხვედრაში.

არსებობს საშიშროება, რომ ამჟამინდელ სისტემებს უახლოეს წლებში საკმაოდ გაუჭირდება. მოძველებული მაგისტრალური კაბელების შეცვლა ჩვენს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, საკმაოდ ძვირია და ბევრი დრო სჭირდება, რისი გადაჭრაც მომავალ თაობებს მოუწევთ.

გარდა ამისა, მონაცემთა ტრაფიკის გასაუმჯობესებლად შესაძლებელია სხვა კომპონენტთა განახლება. მათ შორის ერთ-ერთია ის გზა, რომლითაც ამჟამად გამოვიმუშავებთ სინათლის სიხშირეებს, რომლებსაც კაბელებით ჩვენს კომპიუტერებთან და სხვა ჭკვიან მოწყობილობებთან ბიტები და ბაიტები მოაქვთ.

სხვადასხვა სიხშირეში მოკაშკაშე ლაზერებს შეუძლია წარმოქმნას მრავალი „არხი“, რათა სწრაფად გადასცეს დიდი ოდენობით ინფორმაცია ციცქნა რეფრაქციულ მილებში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვალაგებთ სინათლეს, შეგვიძლია ქსელში გავანათოთ 80-მდე არხი ჩვენი ყველა მონაცემის საჭიროებისთვის.

ინოვაციურმა მიკრო-კომბმა ჩიპებმა შეიძლება ჩაანაცვლოს ყველა ამ არხის წარმოქმნის ამჟამად არსებული მეთოდები, მოახდინოს 80 ცალკეული ლაზერის გაცვლა-გამოცვლა ერთი კრისტალური ტალღის ფორმის გენერატორისთვის, რომელიც შეიძლება დაიხვეწოს სინათლის ტალღების ცისარტყელას ფორმამდე.

ქაღალდზე ეს ყველაფერი დიდებულად ჩანს. თუმცა, იმაში დასარწმუნებლად, რომ თეორია პრაქტიკაშიც იმუშავებდა, მკვლევრებმა მოწყობილობის პროტოტიპი მელბურნის უნივერსიტეტის ორ კამპუსს შორის გადაჭიმულ 76 კმ სიგრძის „ბნელ“ ოპტიკურ კაბელს შეუერთეს.

ჯგუფმა დაადგინა, რომ მონაცემების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია თითოეულ არხში, მაქსიმალური პოტენციური სიჩქარე კი მოწყობილობიდან წამში 44,3 ტერაბაიტი იყო. მართებული სისტემით იდეალურ პირობებში, ეს საშუალებას მოგცემთ, მაღალი გარჩევადობის 1000 ფილმი სულ რაღაც ერთ წამში ჩამოტვირთოთ.

რეალობა შეიძლება არც ასეთი საოცარი იყოს, მაგრამ ნებისმიერი წინსვლა ინტერნეტ-ტექნოლოგიებში, თუნდაც მცირე მანძილებზე სულ რამდენიმე ტერაბაიტით სისწრაფის მომატებაც კი, უმნიშვნელოვანესია და ყურადღებას საჭიროებს.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი მონაცემების გამოყენება შესაძლებელია თვითმართვად ავტომანქანებში და მომავლის სატრანსპორტო საშუალებებში, შეიძლება დიდად დაეხმაროს მედიცინას, განათლებას, ფინანსებისა და ელექტრონული კომერციის ინდუსტრიებს.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, უფრო სწრაფი კომუნიკაციისთვის, მონაცემთა ცენტრები ერთმანეთს შეიძლება სულ სამი ჩიპით დაუკავშირდნენ.

რამდენიმე წელიწადში ჩვენ ყველა შეიძლება სამუდამოდ დავემშვიდობოთ გადამცემებს, რომლებიც წამში მხოლოდ რამდენიმე ასეულ გიგაბაიტს ატარებენ.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი