ლევან დავითაშვილი - 5 000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება, 1 000-მდე სოფელს მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომა შეეძლება
ლევან დავითაშვილი - 5 000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება, 1 000-მდე სოფელს მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომა შეეძლება

ციფრული ჰაბის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირს, მეორე მხრივ კი, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტრების“ ფორმირებას.

„ინტერნეტიზაცია საქართველოს რეგიონებში მეტი ეკონომიკური აქტივობის და, ზოგადად, მეტი ეკონომიკურ-სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიზნით გრძელდება პროექტი „ლოგ-ინ ჯორჯია“, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა. 2025 წლის ჩათვლით აშენდება 5 000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და 1 000-მდე სოფელს ექნება მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პლატფორმაზე Do IT in Georgia, რომელიც ხორციელდება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში და IT პროფესიებში კადრების გადამზადებას ითვალისწინებს. მისი თქმით, 2024 წელს, ჯამურად, 2 000 აპლიკანტი ჩაირიცხება და მათზე სასწავლო გრანტი გაიცემა.