იმერეთის რეგიონში, სოფლებში – სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძარი ჩაის ბუჩქებს გაუჩნდა. უწყების ცნობით, ქრობის პროცესში ჩართულია რვა ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.
„ხანძრის ქრობას ღამის განმავლობაში ძლიერ ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში სორმონსა და რიონში ხანძარი ჩაის ბუჩქებს წუხელ გაუჩნდა.