ილიაუნის სტუდენტთა ნაწილი გიგა ზედანიას რექტორის თანამდებობის დასატოვებლად ხვალ, 22:00 საათამდე აძლევს ვადას
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ამასთან, სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას გადადგომას, ასევე აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს დათხოვნას ითხოვს.
სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ბიზნესსკოლის გაუქმებისა და სხვა ფაკულტეტთან შეერთების პროცესი მათი ჩართულობის გარეშე, თვითნებურად წარიმართა, რამაც სტუდენტების პროტესტი გამოიწვია. ისინი კვლავ ბიზნესსკოლის აღდგენას ითხოვენ, რაც მათ შორის გიორგი ქადაგიძის დეკანად დაბრუნებასაც გულისხმობს.
ილიაუნის სტუდენტებმა რექტორს ხვალ, 22:00 საათამდე მისცეს ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
სტუდენტების მოთხოვნას ილიაუნის რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ულტიმატუმებით საუბარი დაუშვებელია, რექტორის გადაყენების მოთხოვნა კი არასერიოზული. მისი თქმით, აკადემიური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და დაინტერესებულ სტუდენტებს შეხვდება.