ფუტსალის თასის 1/2 ფინალისტები ცნობილია - #1TVSPORT
ფუტსალის თასის 1/2 ფინალისტები ცნობილია - #1TVSPORT

თბილისის ახალმა ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალში საქართველოს თასის ¼-ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა და 1/2 ფინალისტები გამოვლინდა. 

აღსანიშნავია, რომ მოულოდნელობები დაფიქსირდა და თასის გათამაშებას მიმდინარე სეზონის ორი გამორჩეული გუნდი გამოეთიშა. ფუტსალის ლიგის მეორეადგილოსანი „თბილისი“ პსპ-ს დაუპირისპირდა – ძირითადი დრო 4:4 დაასრულა, ხოლო პენალტების სერიაში კი 0:2 დამარცხდა.

ასევე მოულოდნელი შედეგით დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (კსუ) და მოქმედი ვიცე-ჩემპიონის, „თელასის“ მატჩი. კსუ-მ მოახერხა და ნაკრების საბაზო გუნდი 6:3 დაამარცხა.

„ილიაუნი“ „არმიასთან“ მთელი მატჩი მდევრის როლში იყო – არმიელები ორჯერ დაწინაურდნენ და სტუდენტებმა ორჯერვე ანგარიში გაათანაბრეს, მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს – 3:2.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც უპირობოდ და დამაჯერებლად გაიმარჯვა, მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) აღმოჩნდა. დავით ბობოხიძის გუნდმა ევროპის უნივერსიტეტი 6:0 დაამარცხა.

ფუტსალში საქართველოს თასის 1/2 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

პსპ – კსუ

ილიაუნი – თსუ