TEAMtalk-ი – „პარი სენ-ჟერმენი“ თორნიკე კვარაცხელიათი დაინტერესდა #1TVSPORT

12:35, 23.11.2026

„პარი სენ-ჟერმენი“ ყურადღებით აკვირდება ახალგაზრდა ქართველ ტალანტს, თორნიკე კვარაცხელიას, რომელსაც „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს, – ინფორმაციას პოპულარული გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს, რასაც პარიზული კლუბის გულშემატკივართა გვერდი VipsgNews-ი გამოეხმაურა.

„დიახ, ის ჩვენი კვარას ძმაა! მისი სავარაუდო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, თუმცა ქართველი ტალანტით სხვა ევროპული კლუბებიც დაინტერესდნენ“, – წერს VipsgNews-ი.

გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ძმის შესახებ მსგავს ინფორმაციას პირველად არ ავრცელებს. TEAMtalk-ის ცნობით, ზაფხულში თორნიკეს ლონდონის „არსენალი“, „ნაპოლი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ აკვირდებოდნენ.

გამოცემამ თორნიკე კვარაცხელიას შეძენის მთავარ კანდიდატად „ჩელსი“ დაასახელა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ლივერპულმაც“ გამოხატეს.

ამასთან, ცნობილია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის 16 წლის ძმა ზაფხულში მიუნხენში იმყოფებოდა და „ბაიერნის“ ასაკობრივ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

მსგავსი