გიორგი გაგუამ ტრავმა მიიღო და ოპერაცია სჭირდება #1TVSPORT
გიორგი გაგუა ტრავმირებულია და, სავარაუდოდ, გუნდს უახლოეს პერიოდში ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას „დუნაისკა სტრედას“ პრესსამსახური ავრცელებს.
სლოვაკეთის „ნაიკის ლიგის“ მე-15 ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა საკუთარ მოედანზე „კომარნო“ 3:0 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე გაგუას გუნდის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩიც შესანიშნავად დაიწყო – 22-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც რამადანმა გოლად გარდასახა და „დუნაისკა სტრედას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. თუმცა ეს ეპიზოდი გაგუასთვის უიღბლოდ დასრულდა.
„გიორგის პენალტი მძიმე ტრავმის ფასად დაუჯდა. ის საჯარიმოში წააქციეს. ქართველ თავდამსხმელს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღმოაჩნდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია სლოვაკური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ქართველ თავდამსხმელს გამოკვლევები ჩაუტარეს და უახლოეს პერიოდში გადაწყდება, როდის ჩაუტარდება ოპერაცია.