კვარაცხელიასა და დუეს ტრავმების გამო პსჟ ზამთარში ახალი გარემარბის დამატებას განიხილავს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერებას განიხილავს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.
პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუის კამპოსი უნივერსალურ შემტევს ეძებს, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეეძლება. პრიორიტეტი ფეხბურთელია, რომელიც მცირე სივრცეებში ეფექტურად მოქმედებს, ინდივიდუალური ოსტატობით მეტოქის მოტყუება და ერთი ერთზე სიტუაციებში უპირატესობის მოპოვება შეუძლია.
„პარი სენ-ჟერმენის“ სატრანსფერო გეგმების ცვლილება ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმებს უკავშირდება. ორივე ფეხბურთელის ხანგრძლივი არყოფნის გამო პარიზელები შეტევაში დამატებითი რესურსის მოძიებას ცდილობენ.
Le Parisien-ის ცნობით, კლუბის ინტერესთა სფეროში როგორც გამოცდილი, ტიტულოვანი ფეხბურთელები, ისე ახალგაზრდა მოთამაშეები არიან. თუმცა კანდიდატთა სიაში არ შედიან „ბორნმუთის“ თავდამსხმელი ელი ჟუნიორ კრუპი და „მონაკოს“ ფეხბურთელი პარის ბრუნერი.
ამ ეტაპზე კონკრეტულ მოთამაშესთან შეთანხმება მიღწეული არ არის. პარიზელები ტრანსფერის განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ სასურველ ფეხბურთელს მისაღებ ფასად დაიმატებენ.