სეზონის დებიუტანტი „ილიაუნი“ მესამეადგილოსანია
სეზონის დებიუტანტი „ილიაუნი“ მესამეადგილოსანია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „თბილისი“ და „ილიაუნი“ დაუპირისპირდნენ და მესამე ადგილის მფლობელი გაარკვიეს.

დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ანგარიში „თბილისის“ ფეხბურთელმა კახა გოგოხიამ მე-12 წუთზე გახსნა. მე-18 წუთზე „ილიაუნის“ ფეხბურთელმა მიქაელ იორამაშვილმა გუნდის შეტევა გოლით დაასრულა და ტაიმი 1:1 დამთავრდა.

მეორე ტაიმში გადამწყვეტი ბოლო წუთზე ისევ იორამაშვილის გატანილი ბურთი გამოდგა, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე 46 წამით ადრე „ილიაუნი“ დააწინაურა, დუბლი გაიფორმა და სადებიუტო სეზონში გუნდს გამარჯვება და მესამე ადგილი მოუტანა 1:2.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიქაელ იორამაშვილი დასახელდა, მას ესპანური ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

„მატჩს დიდი დანაკლისით შევხვდით – ძირითადი ხუთეულის ოთხი მოთამაშე გვაკლდა. „ილიაუნი“ ახალგაზრდა მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და ბოლომდე ვიბრძოლეთ. მწვრთნელის რჩევები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა და მადლობა მინდა გადავუხადო მოწინააღმდეგეს. ბოლო გოლზე, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა გაგვიმართლა. ძალიან გახარებულები ვართ მესამე ადგილით და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო“, – ამბობს „ილიაუნის“ მოთამაშე ნიკა გვაზავა.

დღესვე, 18:00 საათზე „თელასსა“ და თსუ-ს შორის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა დაიწყება. პირველი მატჩი 2:1 თსუ-მ მოიგო, მოქმედ ჩემპიონ „თელასს“ მოგება სჭირდება, ჩემპიონობის შანსი რომ შეინარჩუნოს. სერია 2 გამარჯვებამდე გაგრძელდება.