თსუ ერთპიროვნული ლიდერია - „თელასმა“ მოსაგები მატჩი წააგო | ფუტსალის ლიგა
თსუ ერთპიროვნული ლიდერია - „თელასმა“ მოსაგები მატჩი წააგო | ფუტსალის ლიგა

საქართველოს ფუტსალის ლიგის მეხუთე ტურში სატურნირო მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა – თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ერთ-ერთმა ლიდერმა მტკივნეული მარცხი იწვნია.

ზედიზედ მეხუთედ მოიგო გათამაშების ლიდერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა (თსუ), რომელიც ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (კსუ) დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ანგარიში მე-9 წუთზე ეფექტური თავური დარტყმით დავით ბობოხიძემ გახსნა, ტაიმის დასრულებამდე მოწინააღმდეგეს კიდევ ერთხელ შალვა კაპანაძემ გაუტანა, 24-ე წუთზე კი კსუ-ს კარი მესამედ დავით გეგეშიძემ აიღო. სამბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბოლომდე იბრძოლა, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე ლუკა ფარცვანიამ და ნიკა მანგოშვილმა დაიყვანეს. მე-40 წუთზე, ფარცვანია ცარიელ კარში გატანას ცდილობდა, თუმცა, მეკარე თორნიკე ბუკიამ მეტოქეს აჯობა და გუნდს ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოაგებინა.

დრამატული გამოდგა „თბილისისა“ და „თელასი-ჯორჯიანსის“ დაპირისპირება. „თელასმა“ პირველი ნახევარი 4:1 მოიგო, თუმცა, საბოლოოდ – 5:4 დამარცხდა. მე-5 წუთზე ანგარიში ამირან ცხომარიამ გახსნა. „თბილისმა“ ანგარიში ხუთ წუთში კახაბერ გოგოხიას გოლით გაათანაბრა. „თელასმა“უპირატესობა მალევე მოიპოვა: მე-13 წუთზე ბურთი საკუთარ კარში გურამ ხაჭაპურიძემ ჩაჭრა, შემდეგ ჯანიკო გიორგაიამ გაიტანა, მე-18 წუთზე კი – ვახტანგ ჯვარაშვილმა. მეორე ნახევარი „თბილისმა“ აქტიურად დაიწყო – 28-ე წუთზე ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირმა, ოთარ ბერეჩიკიძემ გაიტანა, 29-ეზე – თამაზ გოგსაძემ, კი 37-ე წუთზე ბაკურ გულუამ ანგარიში გათანაბრა, რამდენიმე წამში კი გიორგი ივანიშვილის გოლით „თბილისმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „ილიაუნი“ პსპ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან საკმარისი რაოდენობით შეიქმნა, გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა. ამ შედეგით „ილიაუნმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

საქართველოს ფუტსალის ლიგის მეექვსე ტურის მატჩები 25 თებერვალს გაიმართება.

სატურნირო ცხრილი

თსუ – 5 15.

თბილისი – 5 10.

თელასი – 5 9.

კსუ – 5 4.

პსპ – 5 4.

ილიაუნი – 5 1.