ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტებმა დეკანის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს
ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტების მოთხოვნის შემდეგ, სასწავლებლის F კორპუსში რექტორი გიგა ზედანია მივიდა, თუმცა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა.
ბიზნესსკოლის სტუდენტები დეკანის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ.
სავარაუდოდ ხვალ რექტორი აკადემიურ საბჭოს მოიწვევს, რომელიც სტუდენტების პროტესტის მიზეზს ხელახლა განიხილავს.
სასწავლებლის F კორპუსში შეკრებილი სტუდენტები იქამდე აპირებენ დარჩენას, სანამ საბჭო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი რექტორის გადადგომის მოთხოვნას დააყენებენ.
სტუდენტების მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მისაღებად აკადემიურ საბჭოს დრო ხვალ, დღის ბოლომდე აქვს.