
ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბის შექმნის იდეა 2012 წელს გაჩნდა. დღეს ის უამრავ წევრს რაგბის გარშემო აერთიანებს. კლუბის შესახებ ვესაუბრეთ მის დამფუძნებლებს ილია როდონაიასა და გიორგი მერმანიშვილს.
გიორგი: ილია როდონაიამ, რომელმაც დაარსა კლუბი „მეთექვსმეტე“, სოციალურ ქსელსა თუ მის სამეგობროში დაიწყო თანამოაზრეების ძებნა, ვინც გაიზიარებდა რაგბის გულშემატკივარების თავმოყრისა და სარაგბო ქომაგობის იდეას. სრულ ენთუზიაზმზე ნაბიჯების გადადგმა ძალიან ძნელი იყო. ამ ყველაფერში სხვადასხვა დროს ჩართულები იყვნენ გიორგი მუშკუდიანი, რომა სახოკია, რომელიც ახლა არის საქართველოს U20-ის ექიმი, ასევე კლუბის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მერაბ შონიას, სწორედ მისი იდეა იყო ცენტურიონის მუზარადით დაჯილდოვებაც. საწყის ეტაპზე თითქმის ორწლიანი მცდელობების, შემდეგ მოხერხდა 2014 წლის დასაწყისში კლუბის დაარსება.
– კლუბის შექმნის მიზანი – მიუხედავად იმისა, რომ ორივე სპორტის სამშობლო დიდი ბრიტანეთია, რაგბიში და ფეხბურთში გულშემატკივრობის აბსოლუტურად განსხვავებული სტილი და ტრადიციაა. რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც კლუბს აფუძნებდით და რა გზებით ცდილობთ ახლაც სარაგბო საგულშემატკივრო კულტურის დანერგვას?
გიორგი: კლუბის შექმნამდე, იყო მსჯელობა, როგორ აგვეგო სტრუქტურა, როგორი ყოფილიყო მთავარი სიმბოლო, რომელი სარაგბო ქვეყნის გამოცდილება გაგვეზიარებინა.
ასევე, გარდა გულშემატკივრობისა, რა შეიძლება შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის და როგორ გაგვეზარდა ხალხში რაგბის პოპულარობა.
2014 წლის მარტში შევარჩიეთ მაისურის ფერი – რომელიც ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნულ დროშაზე ჯვრების ფერს შეესაბამება, ასევე იმ პერიოდში ბორჯღალოსნების სათამაშო ფორმის ფერსაც იმეორებდა. შევქმენით ლოგო და ოფიციალურად დავაარსეთ კლუბი.
ამავდროულად სოციალური ქსელით და სხვადასხვა პროექტების საშუალებით მაქსიმალურად ვცდილობდით, ჩვენი სათქმელი მიგვეტანა გულშემატკივრამდე.
დიდ ბრიტანეთში არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ორი მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგები წვიმიან ამინდში ქოლგებს არ ხსნიდნენ, რათა ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ.
სწორედ ასეთი ურთიერთპატივისცემა და ის ატმოსფერო რაც სარაგბო ქვეყნებში ტრიბუნებზე გვინახავს იყო ჩვენთვის სამაგალითო. ვცდილობდით და ვცდილობთ ამ იდეალებზე განვავითაროთ ჩვენი კლუბი.
– კლუბის დაფუძნებიდან 12 წელი გავიდა, რაც ცოტა დრო არ არის. სწორედ თქვენი, გულშემატკივრების ხედვაა ყველაზე საინტერესო – გვაქვს ამ პერიოდში პროგრესი? გაიზარდა სარაგბო კულტურა საქართველოში?
ილია: ადრეულ წლებში რაგბის კავშირს ჰქონდა ბილეთზე დატანილი სტადიონზე მოქცევის წესები, რადგანაც საქართველოში სარაგბო საგულშემატკივრო კულტურა არ იყო განვითარებული.
უკანასკნელი 12 წლის მანძილზე საქართველოში სარაგბო გულშემატკივრების კულტურა გაიზარდა. ამის დანახვა მარტივად შეგვიძლია. თუ გავიხსენებთ 2012-2013 წლებში საქართველოში კუნძულელების ვიზიტს (ფიჯი-სამოა) და გულშემატკივარების რეაქციას მათ საბრძოლო ცეკვაზე. შევადაროთ ბოლო წლებში იგივე ფიჯი-სამოას მატჩებზე ჩვენი გულშემატკივრის ქცევა.
– გულშემატკივრების კლუბებს ე.წ. „მეგობარი“ ფან-კლუბები ჰყავთ ხოლმე. თქვენც ხომ არ გაქვთ გარკვეული ურთიერთობა უცხოურ – ბრიტანულ, ან ფრანგულ ფანკლუბებთან?
ილია: 2016 წელს, რაგბი ევროპის ფინალურ ტურში, სადაც დინამოზე დავუხვდით რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს, „მუხებს“ ჩამოჰყვა გარკვეული რაოდენობის რუმინელი გულშემატკივარი. თამაშის დამთავრების შემდგომ სპონტანურად მოვიდნენ ჩვენთან და შედგა პირველი გაცნობითი კონტაქტი, ამის შემდგომ ჩვენსა და რუმინულ ფანკლუბს შორის გაფორმდა მეგობრული მემორანდუმი, სადაც რეალურად ერთმანეთს ვუზიარებდით კლუბის მუშაობის პრინციპებს.
გასულ წელს , challenge cup-ის გათამაშების დროს დავუმეგობრდით „კლერმონის“ რამდენიმე ფან-კლუბს, მათთანაც გავაფორმეთ მემორანდუმი და გავეცანით ამ კლუბების სტრუქტურებს.
– თქვენმა ფანკლუბმა თავდაპირველი მისია გარკვეულწილად შეასრულა, მაგრამ როგორც ვიცი წინ საინტერესო გეგმები გაქვთ – გაგვაცანით თქვენი უახლოესი მიზნები.
ილია: დიახ, კლუბის მმართველმა საბჭომ დღევანდელობამდე მოსასვლელად ურთულესი გზა განვლო, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი საბჭოს წევრებს: დადუ პავლიაშვილს, ნიკა ლოთიკაშვილს, მარიამ გაგნიძეს, გვანცა აფაქიძეს, ნიკა სახელაშვილს და ასევე კლუბის თითოეულ წევრს, რომლებიც არანაკლებ როლს ასრულებენ მის განვითარებაში.
კლუბის უახლოეს მიზნებს და გამოწვევებს რაც შეეხება, აქტიურად ვმუშაობთ ციფრულ აქტივებზე, გასულ წელს ქვეყნის შიდა ჩემპიონატის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა ინტერაქციული ონლაინ რუკა, სადაც დატანილია დიდი 10-ის, პირველი ლიგის და ასევე რეგიონ ლიგის გუნდები, ამას თან დავურთეთ რუკის პოსტერები მეტი თვალსაჩინოებისათვის.
პირველად თქვენთან დავაანონსებთ, რომ დღე-დღეზე დაგეგმილია საფრანგეთში მოღვაწე ლეგიონერების ინტერაქციული რუკის შექმნა, სადაც დატანილია რომელი ქალაქის გუნდში თამაშობს, რა პოზიციაზე და სხვა სტატისტიკური მონაცემები.
ასევე მე პირადად გავაკეთე სარაგბო აპლიკაციის პროექტი, რომელიც იქნება პირველი საგანმანათლებო აპი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს საბაზისო სარაგბო წესების სწავლას. Rugby app -არის quiz ტიპის, მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც ინდივიდუალურად თამაში, ასევე 1 vs 1 და ტურნირზე მონაწილეობა.
სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ფინანსური პრობლემების გამო ეს აპლიკაცია ვერ ჩაეშვა.
გარდა ციფრული აქტივებისა, კლუბი მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე.
– რას სთავაზობთ მათ, ვინც შეიძლება თქვენი კლუბის შესახებ ახლა გაიგო და მასში გაწევრიანება მოისურვა?
გიორგი: კლუბში შემოსულ ახალ წევრს პირველ რიგში, ხვდება დიდი სარაგბო ოჯახი, მეგობრული ატმოსფერო, საგულშემატკივრო ინვენტარი (საგულშემატკივრო მაისური) საშინაო მატჩებზე დასწრების შესაძლებლობა და გასართობ-შემეცნებითი კლუბის აქტივობები – გახდი მეთექვსმეტე!