რაგბი | პალიკო ჯიმშელაძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს #1TVSPORT
რაგბი | პალიკო ჯიმშელაძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი პალიკო ჯიმშელაძე „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბში, ხაზისა და შეტევის მწვრთნელის პოზიციაზე, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტს დაიკავებს – 50 წლის სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებთან ერთად „შავ ლომშიც“ იმუშავებს.

ჯიმშელაძე 1998-იდან 2010 წლამდე „კასტრის“, „გრენობლის“, „ორიაკის“, „ბობინის“, „არასისა“ და „შამბერის“ ღირსებას იცავდა.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა რუსთავის „ხარებში“ დაიწყო, წვრთნიდა „ჯიქს“, „არმაზს“, „იუნკერებსა“ და „ბათუმს“.

მწვრთნელის რანგში ოთხჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი (სამჯერ „ბათუმთან“ და ერთხელ „ჯიქთან“ ერთად), ერთხელ დაეუფლა ვერცხლის („ბათუმი“), სამჯერ კი – ბრინჯაოს (2 – „ჯიქი“, 1 – „არმაზი“) მედლებს. კლუბში მუშაობის პარალელურად, ერთი წელი – საქართველოს შვიდქალა, ხოლო 10 წელი შვიდკაცა ნაკრებს ავარჯიშებდა.

პალიკო ჯიმშელაძე – „საქართველოს ნაკრების წევრობა, გნებავთ მოთამაშის, გნებავთ მწვრთნელის რანგში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ეს დანიშვნა ჩემთვის, ფაქტობრივად, მეორე შანსის ტოლფასია. ბედნიერი ვარ, რომ „ბორჯღალოსნებთან“ ერთად საქართველოს ჰიმნზე დადგომა კიდევ ერთხელ მომიწევს, ახლა უკვე მწვრთნელის ამპლუაში, ახალი და დიდი გამოწვევებით“.