რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-18 ტიტულისთვის საქართელოს ნაკრები პორტუგალიას ესპანეთში ეთამაშება #1TVSPORT
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, „ბორჯღალოსნები“ 15 მარტს ესპანეთში, მადრიდის „ონთაიმ ბუთარქის“ სტადიონზე პორტუგალიას ეთამაშებიან – შეხვედრა საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, წლევანდელი გათამაშების დასკვნითი რაუნდის ოთხივე შეხვედრა ერთ ლოკაციაზე, მადრიდში გაიმართება. მე-7 (გერმანია – ნიდერლანდები, 14:00 საათი) და მე-5 ადგლების (შვეიცარია – ბელგია, 16:30 საათი) თამაშები „ნაციონალ კომპლუტენსეს“ სტადიონზე შედგება, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩს (ესპანეთი – რუმინეთი, 19:00 საათი) და დიდ ფინალს (საქართველო – პორტუგალია, 21:45 საათი) „ონთაიმ ბუთარქი“ უმასპინძლებს, რომელიც 1998 წელს გაიხსნა და 14 500 მაყურებელს იტევს.
ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.
ფინალის გზაზე გუნდებმა ოთხ-ოთხი შეხვედრა მოიგეს. საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარია (54:3) და ნიდერლანდები (61:12) – სტუმრად, ხოლო ესპანეთი შინ 42:30 დაამარცხა. ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა რუმინეთს თბილისში 53:30 სძლია.
პორტუგალიამ B ჯგუფში ბელგიას (47:17) და გერმანიას (68:12) სტუმრად მოუგო, ხოლო რუმინეთი ლისაბონში 44:7 დაამარცხა. ნახევარფინალში „ლობუშმა“ ესპანეთი ლისაბონში მიიღო, 26:7 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პორტუგალიასთან 2024 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. მაშინ „ბორჯღალოსნებმა“ ფინალში მეტოქეს 36:10 მოუგეს.

ჩვენ და პორტუგალია
დაარსების დღიდან საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან 27-ჯერ უთამაშია – 11-ჯერ შინ, 12-ჯერ სტუმრად და 4-ჯერ ნეიტრალურ მოედანზე. 27 თამაშიდან 19 „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ ფრე დაფიქსირდა, 4 შეხვედრა კი პორტუგალიამ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 2005 წლის შემდეგ, ბოლო 20 თამაშია, პორტუგალიასთან არ წაგვიგია, თუმცა ოთხივე ფრე ამ პერიოდზე მოდის.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 1997 წელს შედგა და ლისაბონში მასპინძლებმა 21:17 გაიმარჯვეს, რასაც 2000-2002 წლებში საქართველოს სამი გამარჯვება მოჰყვა, თუმცა შემდეგი სამი თამაში (2002-2005) უკვე მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, აქედან ერთი თბილისში – 2004 წელს „მიხეილ მესხზე“ 19:14. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პორტუგალიამ საქართველო გამარჯვებულმა დატოვა.
2006 წელს „ლობუშებს“ ერთბაშად სამჯერ შევხვდთ, რადგან 2007 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის მათთან პლეი ოფის გამართვა მოგვიწია. ამ წლის ერთა თასზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატზე) პორტუგალიას 40:0 ვაჯობეთ, რაც დღემდე ამ გუნდებს შორის სარეკორდო სხვაობად რჩება.
ნოემბერში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, მეტოქეს თბილისში 17:3 მოვუგეთ, ორი კვირის თავზე კი სტუმრად ფრედ – 11:11 ვითამაშეთ და მეორედ მოვიპოვეთ მსოფლიო თასის საგზური. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ რეპეშაჟის გავლით თავადაც მოიპოვა 2007 წლის მსოფლიო თასის საგზური.
მას შემდეგ პორტუგალიასთან ფრედ კიდევ სამჯერ ვითამაშეთ – ორჯერ თბილისში: 2009 წელს 20:20 და 2022 წელს 25:25, ხოლო ერთხელ საფრანგეთში, 2023 წლის მსოფლიო თასზე (18:18).
სხვა შემთხვევებში გამარჯვება საქართველოს რჩებოდა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში დაძაბული შეხვედრები გვქონდა. ესპანეთში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ერთხელ უკვე ვეთამაშეთ და 2023 წელს ბადახოსში 38:11 დავამარცხეთ.
ორი წლის წინ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას საფრანგეთში, პარიზში შევერკინეთ და 36:10 დავამარცხეთ.
განვლილ 27 მატჩში საქართველომ პორტუგალიას 84 ლელო გაუტანა და 677 ქულა დააგროვა, თავად კი 28 ლელო და 386 ქულა გაუშვა.
rugby.ge