რაგბი | მარკო ბარტოლამი - ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრები მზად არის პორტუგალიასთან მატჩის მოსაგებად #1TVSPORT
საქართველო მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა, სადაც 15 მარტს, 21:45 საათზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
ესპანეთში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკო ბარტოლამმა და მოთამაშეებმა – ლუკა მატკავამ და ლუკა ნიორაძემ მომავალ მატჩზე კომენტარები გააკეთეს.
მარკო ბარტოლამი – „რუმინეთთან მძიმე თამაშის შემდეგ ძალების აღდგენა მოვახერხეთ და ვფიქრობ, ფინალისთვის მზად ვიქნებით. გადამწყვეტი მატჩი ესპანეთში იმართება, ჩვენთვის ეს გასვლითი თამაშია, მეტოქე კი თითქმის შინაურ გარემოში იქნება და მხარდაჭერაც ექნებათ.
პორტუგალია ძლიერი მეტოქე და საშიში გუნდია, მათი უკანახაზელები სწრაფად გადაადგილდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უკანახაზელები ყურადღებით იყვნენ და საფრთხეები სწორად შეაფასონ. დაძაბულ და საინტერესო თამაშს ველოდები, ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი სათანადოდ მზად არის ამ თამაშის მოსაგებად“.
ლუკა მატკავა – მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. დაგვრჩა ფინალური, კაპიტნის ვარჯიში. პორტუგალია ძლიერი გუნდია, ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაშები აჩვენა და რთული ოპონენტი იქნება, მით უმეტეს, რომ ფინალი ესპანეთში იმართება. თუმცა ჩვენ მზად ვართ და ვეცდებით, რომ დამაჯერებლად მოვიგოთ.
ლუკა ნიორაძე – „რაგბი ევროპის ჩემპიონატში პორტუგალია ჩვენ შემდეგ ყველაზე ძლიერი გუნდია, აქვთ თავიანთი დადებითი მხარეები, რასაც ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. გუნდის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა დადებითია, ფინალამდე მოვახერხეთ დასვენება და ვფიქრობ, რომ ამ თამაშისთვის ყველანაირად მზად ვართ“.