ილია ღუდუშაური - წინასწარი ინფორმირების გარეშე დაწესებულებაში რეგულირების სააგენტოს შესვლის ერთადერთი მიზანია ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღება
ილია ღუდუშაური - წინასწარი ინფორმირების გარეშე დაწესებულებაში რეგულირების სააგენტოს შესვლის ერთადერთი მიზანია ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღება

სამედიცინო თუ ფარმაცევტულ დაწესებულებაში წინასწარი ინფორმირების გარეშე რეგულირების სააგენტოს შესვლის ერთადერთი მიზანი ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაა, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა.

როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს დაწესებულების შესამოწმებლად სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, რისთვისაც განსაზღვრულია 72 საათი. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოსალოდნელი შემოწმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მეორე მხარესაც.

„ამ დროის განმავლობაში დაწესებულებს აქვთ დრო, „მოემზადონ“ რეგულირების სააგენტოს შემოწმებისთვის. გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც აწესრიგებენ დოკუმენტაციას, ნაშთებს, იმ პრობლემებს, რაც აქვთ. შედეგად, რეგულირების სააგენტოს საქმიანობა აღარ გამოდის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს უფლება, გაუფრთხილებლად ამოიღოს ის დოკუმენტაცია, რაც საჭიროა ნორმალური საქმიანი შემოწმებისთვის. რეალურად, ეს არის რეგულირების სააგენტოს ფუნქცია და მისი საქმიანობის მთავარი მიზანი“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საპარლამენტო განხილვებისას ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, თითქოს ეს ცვლილება სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების საქმიანობას შეაფერხებს ან დააზიანებს.

„მინდა, ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნო, რეგულირების სააგენტოს კომპეტენცია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმებაა. მის კომპეტენციაში შედის მხოლოდ დოკუმენტაციის ამოღება, პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა და ყველა იმ მტკიცებულების მიღება, რაც მოკვლევისა და შესაბამისი ღონისძიებისთვის არის საჭირო. შეუძლებელია, რეგულირების სააგენტომ ამოიღოს დოკუმენტაცია, კვლევებზე, ნაშთებზე გაეცნოს ინფორმაციას და ამ დროს დაწესებულებას ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას.

რაც შეეხება დალუქვის თაობაზე აპელირებას, დალუქვა ეხება დოკუმენტაციას. როგორ შეიძლება, პაციენტი ან კლინიკის საქმიანობა შეფერხდეს ან დაზიანდეს, როდესაც რეგულირების სააგენტოსთვის ამოსავალი წერტილია დოკუმენტების ამოღება და ინფორმაციის მიღება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?! ის ფაქტი, რომ კანონი დღეს პირველი მოსმენით გავიდა, ნიშნავს, რომ უმეტესობა დეპუტატებისა ამ ნაწილში დავარწმუნეთ“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.