ილია ღუდუშაური - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა, თუმცა დღეს  შეხვედრაზე უარი განაცხადეს
ილია ღუდუშაური - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა, თუმცა დღეს  შეხვედრაზე უარი განაცხადეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა, რაზეც მინისტრმა მზაობა გუშინვე განაცხადა. შეხვედრის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკის თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ პოზიციები შეცვალეს და შეხვედრაზე უარი განაცხადეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით უცვლელია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება ახლი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა.

„ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა საავადმყოფოს თანამშრომლები შეხვედრაზე არ მივიდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ შეკითხვებს პირადად უპასუხოს.

ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

ილია ღუდუშაურის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.