კომპენსაციებთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო
კომპენსაციებთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტებს თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.

„სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას თუ ღირსეულ კომპენსაციას გულისხმობს, კლინიკის პერსონალს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით, ოთხი თვის ხელფასს მიიღებს;
  • სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და ოთხი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;
  • სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება სამი წლის განმავლობაში, დასაქმებამდე ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა შეთავაზებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ, რის შემდეგაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის თანამშრომელთა უფლებები სრულად იქნება დაცული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მათი ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. პროცესს უშუალო ზედამხედველობას შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.