ილია ღუდუშაური - ერთი თვის განმავლობაში DRG მოდელით სახელმწიფომ 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა
ილია ღუდუშაური - ერთი თვის განმავლობაში DRG მოდელით სახელმწიფომ 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა

ერთი თვის განმავლობაში DRG მოდელით სახელმწიფომ 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეფორმა წარმატებულია, ტარიფები ეფექტური და ყველა პროვაიდერი კლინიკისთვის მისაღები.

„ამ დრომდე დაფინანსება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში – 500 ლარი, საკეისროს შემთხვევაში კი 800 ლარი იყო. თუმცა, კლინიკებს შეეძლოთ, მშობიარისთვის დამატებით მოეთხოვათ გადასახადი, იმის შესაბამისად, თუ რა ტარიფს დაადებდა სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ სერვისს. შესაბამისად, თითქმის ყველა მშობიარეს უწევდა თანხის დამატება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო კლინიკებთან, ექიმებთან და ასოციაციებთან რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. კლინიკებისგან მოხდა ხარჯებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა და სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე განისაზღვრა ახალი ტარიფი – 1 220 ლარი.

„დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის, გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. კლინიკებისგან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე, აყვანილი ექიმის თანხა. საბოლოოდ, ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო არეალი ჩამოყალიბდა.ვფიქრობთ, რომ ტარიფები ყველა პროვაიდერისთვის მისაღები და ეფექტურია“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.