ილია ღუდუშაური - მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დროს აყვანილი ექიმის მომსახურება გათვალისწინებულია ტარიფში და ამ მიზეზით პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა არ შეიძლება
ილია ღუდუშაური - მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დროს აყვანილი ექიმის მომსახურება გათვალისწინებულია ტარიფში და ამ მიზეზით პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა არ შეიძლება

მშობიარობისა და საკეისროს დროს აყვანილი ექიმის ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დავაწესეთ. ამ სერვისის გამო არცერთ კლინიკას არ აქვს უფლება, პაციენტი გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან და ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

ილია ღუდუშაურის განმარტებით, რეფორმა სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა.

„ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად, VIP პალატები და ა.შ. რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სურს ე.წ. VIP პალატა ან სხვა ექსტრაორდინარული სერვისი, შეუძლია, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და თავად დააფინანსოს მომსახურების ხარჯები. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აყვანილი ექიმის მომსახურება არის ტარიფში გათვალისწინებული და ამ მიზეზით პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა არ შეიძლება. ახლაც, როდესაც პროგრამა საპილოტე რეჟიმი მოქმედებს, ვახდენთ რეაგირებას და კლინიკებს ვატყობინებთ, რომ არ შეიძლება, ამ მიზეზით, მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტები მოვატყუოთ. თუმცა, ორი თვის თავზე, როდესაც პროგრამის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება სანქციები და შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„სერვისების სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ კომუნიკაცია კლინიკებთან და ასოციაციებთან. ამ კომუნიკაციის შედეგად, ვფიქრობ, სამშობიაროების აბსოლუტური უმრავლესობა მეტ ნაკლებად კმაყოფილია. რაც შეეხება გარკვეულ გამოწვევებს, რაც კონკრეტულ, მაღალანაზღაურებად ექიმებთან მიმართებაში სახელდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიცია, ეს არის კლინიკის და ექიმის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ექიმი არის ძალიან წარმატებული, ჰყავს ბევრი პაციენტი, ამ შემთხვევაში კლინიკამ და ექიმმა ანაზღაურების ნაწილი უნდა დაარეგულირონ შიდა სტრუქტურით, რაც ბევრად სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სერვისებზე ტარიფების გათანაბრება ქვეყანაში საკეისრო კვეთების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა და  ცვლილების ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ კი უკვე დადებითი სტატისტიკა დაფიქსირდა.

„ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი გამოწვევა იყო, სწორედ ამის გამო მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასის გათანაბრება, ეს აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა იმისთვის, რომ გარკვეული მოტივაციები შეიზღუდოს საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით კლინიკების მხრიდან. მინდა, დაგიდასტუროთ, რომ გაუმჯობესებული სტატისტიკა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თვეა და ზოგად სურათზე საუბარი, ვფიქრობ, ნაადრევია, თუმცა, წინა პერიოდთან შედარებით, დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.