ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა TANAP-ის განხორციელება
ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა TANAP-ის განხორციელება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა TANAP-ის განხორციელება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა TANAP-ის გასზადენის პროექტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ისტორიული დღეა. ოთხი წლის წინ ჩვენ ერთობლივად დავიწყეთ ტრანსანატოლიური მილსადენის გაყვანა. დღეს კი ჩვენ ევროკავშირის საზღვრებს მივაღწიეთ. მინდა, ეს ფაქტი ყველას მოგილოცოთ. ვფიქრობ, ეს მილსადენი ქვეყნებს და მთლიან რეგიონს კეთილდღეობას მოუტანს. მაგრამ ამ მილსადენებზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო. მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომლის გაყვანა გაცილებით ადრე დაიწყო.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა TANAP-ის განხორციელება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს და კონტინენტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს პროექტები ვერ იქნებოდა წარმატებული აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობის გარეშე“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალური ღონისძიება თურქეთში, ედირნეს პროვინციაში გაიმართა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.

პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდი კუბური მეტრით.