იენს სტოლტენბერგი - ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, კონფლიქტი არ გადაიზარდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტში, რაც უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევს
იენს სტოლტენბერგი - ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, კონფლიქტი არ გადაიზარდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტში, რაც უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევს

ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ავირიდოთ ესკალაცია და ეს კონფლიქტი არ გადაიზარდოს რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტში, რაც უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში ზღვარგადასულ აგრესიად შეაფასა. მისი თქმით, ხვალ ალიანსის წევრები ბრიუსელში უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზეც იმსჯელებენ. თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა პოლონეთის ინიციატივის აღსრულება, რაც უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნას ისახავს მიზნად, სტოლტენბერგმა უპასუხა:

„ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არაა კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს უკრაინაში. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა, თუმცა კონფლიქტის ესკალაციას ხელი უნდა შევუშალოთ, რაც ბევრად ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს და უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განმარტა, რომ ალიანსისთვის უსაფრთხოების გარემო ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც ნატო-მ აღმოსავლეთ ნაწილი გააძლიერა.

„პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი და მიმართოს დიპლომატიას. ნატო-მ უპასუხა ამ კრიზისს უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერით და რუსეთისთვის უპრეცედენტო წნეხით. ახლა ალიანსის ასობით ჯარისკაცი მზადყოფნაშია ალიანსის დასაცავად. 100 ათასი ამერიკელი სამხედრო ევროპაში იმყოფება და 40 ათასი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული, მათ ზურგს უმაგრებს საჰაერო და საზღვაო დაცვა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ხვალინდელ სამიტზე ლიდერები ნატო-ს სარდლობასთან ერთად, შევთანხმდებით ნატო-ს ძალების დამატებით გაძლიერებაზე აღმოსავლეთ ნაწილში, – ჰაერში, ხმელეთსა და წყალში. პირველი ნაბიჯია ახალი საბრძოლო დანაყოფების განლაგება ოთხ წევრ სახელმწიფოში. ესენია: ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ჩათვლით გვეყოლება რვა საბრძოლო დანაყოფი. ჩვენი უსაფრთხოება ახალი გამოწვევის წინაშე დგას. 2014 წლიდან დღემდე ნატო-მ გაწვრთნა უკრაინის შეირაღებული ძალები და გააძლიერა მათი საბრძოლო უნარები. ბოლო ერთ თვეში უკრაინას გადავეცით ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემების დრონები, აღმოვუჩინეთ ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ დამატებით დახმარებაზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების გაძლიერება და აღჭურვილობა ქიმიური, ასევე ბიოლოგიური შეტევისგან თავის დასაცავად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ბელარუსის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთის დახმარება ომში, რომელიც მილიონობით უკრაინელის ცხოვრებას ანგრევს. მან ასევე მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს რუსული პროპაგანდის გავრცელება და არ აღმოუჩინოს რუსეთს მატერიალური დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მძიმე შედეგი მოჰყვება.

პრესკონფერენციაზე კითხვები დაისვა ქიმიური და ბიოლოგიური, ასევე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, ესაა უპასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე. ბირთვული ომი ამ კონფლიქტის სტრუქტურას სრულიად შეცვლის. ჩვენ და ასევე გაეროც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან იქნას არიდებული ბირთვული ომი. ხვალ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმის პრევენციას. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას აღჭურვილობა, რომელიც მათ დაიცავს ქიმიური იარაღის ზემოქმედებისგან. როცა რუსეთი გვაბრალებს, რომ ნატო ხელს უწყობს უკრაინას ქიმიური იარაღის წარმოებაში, ესაა სრული სიცრუე, დეზინფორმაცია. რუსეთმა აქამდე გამოიყენა ქიმიური იარაღი სოლსბერიში და სირიაში. აღსანიშნავია, რომ თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ბიოლოგიური აგენტის გავრცელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას თავად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობასაც“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.