იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშს თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ
იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშს თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ

სირიის საჰაერო ძალებმა, რუსეთის ავიაციასთან ერთად, იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო კოლონაზე იერიში მიიტანა. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის ინფორმაციით, შემთხვევას 34 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, თურქული მხარე კი 22 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება.

ინციდენტის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთი იდლიბის რეგიონში დრონებით იერიშების უკანონოდ განხორციელებაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც სირიელმა მეამბოხეებმა, რომელთაც მხარდაჭერას თურქეთი უწევს, ქალაქ სარაქებში მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე კონტროლის მოპოვების შესახებ განაცხადეს. რუსული მედია კი იუწყებოდა, რომ თურქი სამხედროები სარაკეტო ჭურვებს იყენებდნენ რუსული და სირიული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოსაგდებად.

თურქული მხარე კი იდლიბის რეგიონში ბოლო 17 დღის განმავლობაში წარმოებული ოპერაციის ფარგლებში, 1709 მებრძოლის განეიტრალების შესახებ იუწყება. ანკარის ინფორმაციით, თურქეთმა 55 ტანკი, 3 ვერტმფრენი, 18 დაჯავშნული ავტომობილი, 21 სამხედრო ტრანსპორტი, იარაღის 6 საწყობი გაანადგურა.