IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი - მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად არაძალოვანი პირი ინიშნება
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI)-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, ძალოვანი უწყების რეფორმისთვის მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად არაძალოვანი, არაპოლიციელი პირი დაინიშნა.
სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გიორგი კლდიაშვილს მთავრობასთან კითხვები აქვს.
„მისასალმებელია, რომ შს მინისტრად არაძალოვანი პირი დაინიშნა. თუ მიზანია, რომ უწყების რეფორმირება მოხდეს, რომელიც მუდმივად უარყოფითად ხასიათდება, კარგმა მენეჯერმა უნდა მოახერხოს და სწორი რეფორმები განახორციელოს, რომელიც კარგი მენეჯერის საქმეა და არა კარგი პოლიციელის. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს და მიზანს, რომ შემცირდეს ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები, რამდენად მოხდება ეს რეალურად, ეს არის მთავარი. იდეის დონეზე – სწორია, თუმცა მას კარგი დასაბუთება სჭირდება, მაგალითად, გაუგებარია, რატომ ერთიანდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, კარგად უნდა აგვიხსნან“, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში გიორგი კლდიაშვილი.