იაშვილის კლინიკის დირექტორი - ხუთი წელი ხელოვნურად ვინარჩუნებდით კადრებს
კლინიკის ბევრ დეპარტამენტში პაციენტების რაოდენობა ექიმების რაოდენობაზე გაცილებით ნაკლები იყო და შესაბამისად, კადრების გათავისუფლების გადაწყვეტილება მისაღები იყო, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა დ პერსონალთან არაერთხელ უსაუბრიათ.
“ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება და მისი მიღება განაპირობა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში შექმნილმა მდგომარეობამ, რომლის გათვალისწინებით ბევრ დეპარტამენტში პაციენტების ნაკადი მცირდებოდა სისტემატიურად. შესაბამისად, შეიქმნა ისეთი კრიტიკული მდგომარეობა, რომ რიგ შემთხვევაში, ზოგიერთ დეპარტამენტში ექიმებისა და პაციენტების რაოდენობა სრულიად შეუსაბამო იყო. იყო შემთხვევა, როდესაც ზოგ დეპარტამენტში პაციენტების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო ექიმების რაოდენობაზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მისაღები იყო და ამის შესახებ საუბარი რამდენჯერმე გვქონდა როგორც კონფერენციებზე, ასევე ექიმებთან შეხვედრის დროს. ჩვენი ბევრი მცდელობის მიუხედავად, დადგა აუცილებლობა როგორც საკადრო, ასევე ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელების”, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, კლინიკას ფინანსური პრობლემები არ აქვს და არცერთი დეპარტამენტი არ გაუქმებულა.
“ფინანსური პრობლემების წინაშე არ დგას კლინიკა. დღეს ხელფასის დღეა, ჩვეულებრივად მიიღეს ანაზღაურება დასაქმებულებმა და მსგავსი პრობლემა არასოდეს გვქონია. პაციენტების ნაკადი რომ მართლაც შემცირებულია, ჩვენ ამის დასაბუთება მარტივად შეგვიძლია. გვაქვს ელექტრონული აღრიცხვა ყველა პაციენტის. ხუთი წელია, მართლაც ხელოვნურად ვინარჩუნებთ ამ კადრებს, თუმცა სისტემური ცვლილების საფუძველზე აუცილებელი გახდა ამ გადაწყვეტილების მიღება. არცერთი დეპარტამენტი არ გაუქმებულა, გვქონდა 11 დეპარტამენტი და აქედან ორი გაერთიანდა, შესაბამისად, დღეს ათი დეპარტამენტი ფუნქციონირებს, უბრალოდ უფრო ნაკლები მედპერსონალით”, – განაცხადა დირექტორმა.
როგორც პრესკონფერენციაზე კლინიკის უკვე ყოფილმა მედპერსონალმა განაცხადა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმები კლინიკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
მათი თქმით, 87 ადამიანი სამსახურიდან მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაუშვეს.
მედპერსონალი კლინიკისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის ადმინისტრაციას არ განუმარტავს, რა მიზეზით მოხდა პერსონალის გათავისუფლება.
საქმის შესწავლის მიზნით გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს.