იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებული ექიმები ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლებენ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმები კლინიკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ,- ამის შესახებ პირველ არხს კლინიკიდან გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა ექიმმა ნანა რურუამ განუცხადა.
მისი თქმით, 87 ადამიანი სამსახურიდან მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაუშვეს.
მედპერსონალი კლინიკისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. როგორც ნანა რურუამ განმარტა, გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა, მაგრამ მიუთითა, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მისთვის გაურკვეველია.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც სამსახურიდან დათხოვნის დეტალებზე ისაუბრებენ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რეორგანიზაციის მთავარი მიზანი სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება და პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა.