იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93 პროცენტით (175 865 მგზავრით), ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 63.02 პროცენტით (840 233 მგზავრით) არის გაზრდილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 804 673 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.15 პროცენტით (80 732 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის კვარტალური (I) მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.
იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 51 900 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 41.19 პროცენტით (15 140 მგზავრით) მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.
2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 101 პროცენტით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 156 784 მგზავრი – 78 733 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში 1 246 მგზავრს მოემსახურა, რაც 562 მგზავრით, შესაბამისად 82.16 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 195 მგზავრი მიიღო, რაც 110 მგზავრით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.
2019 წლის განვლილი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 5 200, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 4 640, ხოლო ჩარტერების – 560. 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 24 პროცენტს შეადგენს.
მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 5 805.041 ტონა შეადგინა, რაც 1 753.213 ტონით, შესაბამისად, 43.27 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის სამი თვის მონაცემებით, „ვიზეარი“ (Wizz Air) ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15-პროცენტიან წილს ფლობს. წამყვან პოზიციებზე აგრეთვე იმყოფებიან „თურქიშ ეარლაინსი“ (Turkish Airlines) და ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways). რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
• ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) – 152 697 მგზავრი, 15 პროცენტი;
• ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსი“ (Turkish Airlines) – 110 962 მგზავრი, 11 პროცენტი;
• ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) – 99 324 მგზავრი, 11 პროცენტი;
• ავიაკომპანია „პობედა ეარლაინსი“ (Pobeda Airlines) – 96 546 მგზავრი, 10 პროცენტი;
• ავიაკომპანია „ურალ ეარლაინსი“ (Ural Airlines) – 60 507 მგზავრი, 6 პროცენტი.
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 89 პროცენტი უცხოური ავიაკომპანიები, 11 პროცენტი – ქართული.
საქართველოში ფრენების (აფრენა, დაფრენა და შიდა გადაფრენა) ზრდის კუთხით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საპროგნოზო მონაცემები 2019 წლის პირველი კვარტალისთვის 22.3 პროცენტს შეადგენდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში „ევროკონტროლი“ ფრენების 15.3-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.