იაგო ხვიჩია - ხუთი წელი ვიცავდით ადამიანებს, რომ ჯარში ძალით არ წაეყვანათ, ამის ნაცვლად, რა არ დაგვაბრალეს, ხალხმა თვითონ უნდა აგოს პასუხი მის მიერ მოყვანილი მთავრობის ქმედებებზე
იაგო ხვიჩია - ხუთი წელი ვიცავდით ადამიანებს, რომ ჯარში ძალით არ წაეყვანათ, ამის ნაცვლად, რა არ დაგვაბრალეს, ხალხმა თვითონ უნდა აგოს პასუხი მის მიერ მოყვანილი მთავრობის ქმედებებზე

ხუთი წლის განმავლობაში ადამიანებს ვიცავდით, რომ ისინი ჯარში ძალით არ წაეყვანათ. ამის ნაცვლად, ძირითადად მივიღეთ ლანძღვა-გინება, რა არ დაგვაბრალეს. ხმაც არავის მოუცია ამის გამო. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აგოს პასუხი მის მიერ მოყვანილი მთავრობის ქმედებებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ თავდაცვის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების არსებული საშუალებების გაუქმებას.

იაგო ხვიჩიას თქმით, კანონპროექტის განხილვისას სურს, საზოგადოებას აუხსნას, რომ „გირჩის“ ქმედებები მეტ პატივისცემას იმსახურებდა და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ღვთის გმობასთან.

„ამ კანონპროექტს თუ მიიღებენ, დავინახავთ, როგორ წაიყვანენ ჯარში, თუნდაც წელიწადში ერთი თვით იმ ხალხს, რომლებსაც აქამდე არ უნდოდათ ჯარში წასვლა და ჩვენ ვათავისუფლებდით. ამის გამო გვეძახდნენ სექტას და ათასგვარ უბედურებას. ახლა ძალიან მაინტერესებს, ფიზიკურად როგორ მორჩება საბოლოოდ ეს ამბავი, მათ შორის, ჩვენი კოლეგები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ასეთი ტიპის ცვლილებებს, საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებს გაუშვებენ თუ არა ასეთ დროს წელიწადში ოთხჯერ სავალდებულო სამსახურში.

ჯერ კანონპროექტი უნდა ვნახოთ, შემდეგი დისკუსიები იქნება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვეცდებით, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები ამ თემასთან დაკავშირებით, უბრალოდ, ავუხსნათ ადამიანებს, რას ვაკეთებდით ამდენი ხნის განმავლობაში. რაღაც თვალსაზრისით, ეს კანონპროქტი კარგი მსჯელობის ადგილია, მათ შორის ჩვენთვისაც, მგონია, რომ ამ პროცესში ჩვენ ეკლესიასაც გასაგებად ავუხსნით, რომ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, იმაში არანაირი ღვთის გმობა, არაფერი მსგავსი არ იყო და ადამიანებსაც ავუხსნით ამას. თვითონ ადამიანების გამოხმაურებაზეა, დაიცავენ თუ არა ისინი, საბოლოო ჯამში, იმ ღირებულებას, რომელსაც ჰქვია ჯარში იძულებით არწაყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ აქამდე რასაც ვაკეთებდით, ის უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა და ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ღვთის გმობასთან. ძალიან კარგია, რომ ეს ინიციატივა დაიძრა და ჩვენ ამაზე საუბრის საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში გვექნება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.