იაგო ხვიჩია - არ მესმის, რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მოტივირებულ შენიშვნებს არ დაწერს, ეს სისულელეა
იაგო ხვიჩია - არ მესმის, რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მოტივირებულ შენიშვნებს არ დაწერს, ეს სისულელეა

პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არასერიოზულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოტივირებულ შენიშვნებს არ დაწერს.

„არ მესმის, რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მოტივირებულ შენიშვნებს არ დაწერს. ეს სისულელეა და მგონია, რომ პრეზიდენტი ამას გადაიფიქრებს. პრეზიდენტის ვეტო ისეთი უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნების“ გამოძრომა შეუძლებელი იყოს. არ დავწერ მოტივირებულ შენიშვნებსო, ეს არასერიოზული საუბარია“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.

სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ წარმოადგენს ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევა: „პრეზიდენტს ეუბნებიან, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ, შეიძლება, დავფიქრდეთო. იფიქრეთ თქვენ, მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ, არ დავიწყებ ამ თამაშებს“.

დღეს კი საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს“.