იაგო კაჭკაჭიშვილი - გია ვოლსკის განცხადება იყო „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“-ს რიტორიკა
იაგო კაჭკაჭიშვილი - გია ვოლსკის განცხადება იყო „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“-ს რიტორიკა

გია ვოლსკის განცხადება იყო „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“-ს რიტორიკა, – ამის შესახებ სოციოლოგმა, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის ორმაგი რიტორიკა, როდესაც რაც შეიძლება განსხვავებული გემოვნების მაყურებელმა საუბარში თავისი წილი უნდა ნახოს, რაღაცნაირად, ყველას დამოკიდებულებები უნდა აირეკლოს და საბოლოო ჯამში, იქსოვება ბადე, რომელშიც თავად სპიკერები იხლართებიან“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ამ განცხადებით სოციოლოგმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას გაემიჯნა და რაზე აიღო პასუხისმგებლობა გიორგი ვოლსკიმ, როდესაც განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღების იდეა არ მოსწონს, აქვს პასუხისმგებლობაც, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს დაპირისპირება, რომელიც კანონს გასცდება.

მისი თქმით, ქართული მეინსტრიმული პოლიტიკა რაღაცნაირად, ჩიხში შევიდა.

„დავარქვათ ამას იდენტობის ჩიხი იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ შეუძლიათ, ჰქონდეთ თავსებადი და თანმიმდევრული სახე საზოგადოების წინაშე, დაიცვან ეს სახე, საკუთარი ინტერესები და ამომრჩეველს რაღაცნაირად მოაწონონ თავი. თითქოს, დაშლილ-დარღვეული სახელისუფლო სხეულია და ამ დარღვეული პროფილიდან ისინი ცდილობენ, ფაზლი სწორედ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფის გადმობირების საფუძველზე ააწყონ. ვფიქრობ, ეს წარმატებული არ იქნება“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რაზე მიუთითებს და რისი ნიშანია ეს, კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში და მით უფრო, მმართველ პოლიტიკაში არ გვყავს გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც ინსტიტუციებს წარმოადგენენ.

„ამიტომ, პოლიტიკოსებს ურჩევნიათ, ცარიელი სიტყვებით ილაპარაკონ. პოლიტიკოსებმა იციან, რომ მათი ლაპარაკი ფაქტობრივად, ფსევდოკომუნიკაციაა და გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორი სადღაც, ჩრდილშია“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ნეგატივისა, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოდერნიზაციის პროექტი დადო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდა და ეს არის ნაშთი, რომელსაც ქართული საზოგადოება დღესაც ანგარიშს უწევს და რომელიც დღესაც მუშაობს.

„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შანსი, ასეთი ღირებული ნაშთი დაედო და ამ ნაშთზე ყოფილიყო აპელირება, თუნდაც მომავალი პოლიტიკოსებისთვის, ან თაობებისთვის, მაგრამ ეს ნაშთი ნიავდება, თუ საბოლოოდ განიავებული არ არის. მაგალითად, ეს ნაშთი შეიძლებოდა ყოფილიყო სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის ეპოქაში ყველაზე სუსტი რგოლი იყო“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.