გია ვოლსკი აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება 
გია ვოლსკი აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღების იდეა არ მოსწონს, აქვს პასუხისმგებლობაც, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს დაპირისპირება, რომელიც კანონს გასცდება.

„მე, პირადად არ მომწონს, თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას, როგორც პიროვნება, მაგრამ პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს ისეთი ჯახი, რომელიც კანონს გადააბიჯებს“,- აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოში 8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

8 ნოემბერს აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეებმა აქცია გუშინაც გამართეს. ბათუმში კინოსეანსის დაწყებამდე აქციის ერთი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

დატოვე კომენტარი